ისრაელი ირწმუნება, რომ ღაზის სექტორის ნაწილს, “ჰამასი” რაკეტების გასაშვებად იყენებს

ხან იუნისზე ისრაელის სამხედრო ძალების იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ისრაელის იმ გაფრთხილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ისრაელის სამხედროებმა განკარგულება გასცეს, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ღაზის სექტორის იმ ნაწილიდან მომხდარიყო, რომელიც ჰუმანიტარულ ზონად არის გამოცხადებული. მათი თქმით, “ჰამასის” წინააღმდეგ ოპერაცია იგეგმება, რადგან აღნიშნულ ტერიტორიას ისინი რაკეტების გასაშვებად იყენებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ევაკუაციისთვის დრო არ მისცეს. სამიზნე რაიონებში დაახლოებით 400 000 ადამიანი ცხოვრობს. მომხდარის შემდეგ, ათობით ოჯახმა დაიწყო საკუთარი სახლების დატოვება.

თავდასხმები გრძელდება ღაზის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში. ისრაელის სამხედრო ძალებმა, მხოლოდ გასულ კვირას, 63-ჯერ დაარტყეს ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკს, დაიღუპა 91 პალესტინელი და დაიჭრა 251. აქტიური იერიშების ფონზე, ვაშინგტონში ჩადის ისრაელის პრემიერი. ბენიამინ ნეთანიაჰუ გეგმავს, მძევლების გათავისუფლებისა და “ჰამასის” დამარცხების საკითხები განიხილოს.

ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა იემენში. ისრაელის საჰაერო ძალებმა საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე ავიადარტყმები განახორციელეს. ისრაელში აცხადებენ, რომ მათ იერიში ირანული იარაღის გადატანის მარშრუტზე მიიტანეს. მათი თქმით, ირანის მეთაურობით ჰუსიტები თავს დაესხნენ ათეულობით ხომალდს წითელ ზღვასა და ადენის ყურეში, რაც გლობალურ ვაჭრობას აფერხებს.

მსგავსი თემები