ყალბი დოკუმენტებით სხვისი ნივთის დაუფლება – პროკურატურამ 3 ადამიანს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს და საქართველოს 2 მოქალაქეს ბრალი წარუდგინა.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვისი კუთვნილი, კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი დოკუმენტები – უცხოენოვანი მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება დაამზადეს. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე მიწის ნაკვეთის გადაფორმების მიზნით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები საჯარო რეესტრში წარადგინეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი და ეფექტური რეაგირების შედეგად განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს“- აცხადებენ პროკურატურაში.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება გრძელდება, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის და მხილების მიზნით.

 

მსგავსი თემები