„თქვენ გყავთ უძლიერესი მეგობარი დიდი ბრიტანეთის სახით” – თავდაცვის ახალი მინისტრი

დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი უკრაინაში ჩავიდა. პრეზიდენტ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრ უმეროვს, საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასა და უკრაინის სხვა მაღალჩინოსნებს ბრიტანეთის თავდაცვის უწყების პირველი პირი ოდესაში შეხვდა. ჯონ ჰილი მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით, სწორედ უკრაინაში ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ომის მიმდინარეობისას აღმოჩენილი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით უკრაინელი სამხედროები უკრაინას იცავენ როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე და ამაში დიდი როლი აქვს შორი მოქმედების იარაღს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია და ახლის ხელმოწერის მომზადება, ასევე ორმხრივი თანამშრომლობა და უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების უზრუნველყოფა იარაღისა და საბრძოლო მასალის სახით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაშინგტონში გასამართ ნატოს საიუბილეო სამიტისა და ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის მომზადებას.

ჯონ ჰილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„თქვენ გყავთ უძლიერესი მეგობარი დიდი ბრიტანეთის სახით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგად დიდ ბრიტანეთში ხელისუფლება შეიცვალა. ქვეყნის სათავეში ,,ლეიბორისტული პარტია” მოვიდა. პრემიერმინისტრი კი კირ სტარმერი გახდა.

მსგავსი თემები