„თუ სტუდენტები გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას, ჩვენ ვუერთდებით მათ“- ლექტორები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ თუ მათი სტუდენტები ე.წ „რუსული კანონის“ განხილვის გამო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ, ისინი მხარს დაუჭერენ. ლექტორების ნაწილმა, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ ახალგაზრდების გვერდით, გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვჯერა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს. რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით – აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ – საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა“- ნათქვამია განცხადებაში.

ილიაუნის ლექტორები ამბობენ, რომ სტუდენტებს ისინიც შეუერთდებიან.

„შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ჩვენ ვუერთდებით მათ! არა რუსულ კანონს! არა ძალადობას! ერთად ევროპისკენ და ევროპული მომავლისკენ!“ -წერია განცხადებაში.

11 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა  ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო პროტესტის ნიშნად აუდიტორიაში შესვლაზე უარი განაცხადა.

 

მსგავსი თემები