,,ოლიგარქების პრობლემა საქართველოს არასდროს ჰქონია”- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,ჩვენ ერთმმართველობის პრობლემა გვაქვს, ოლიგარქების პრობლემა საქართველოს არასდროს ჰქონია,”– ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონი არის უსამართლო და არარელევანტურია ქართულ რეალობასთან, ამის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გვთხოვა, არ შეესაბამება ევროპული ქვეყნის ქცევას.

„ჩვენ მართლა თუ გვინდა ევროპული ქვეყანა გავხდეთ, არ შეიძლება, ასე ვიქცეოდეთ. ჩემი აზრით, ეს მოსაზრება, მათ შორის ევროპელებსაც უნდა ვუთხრათ, თუ ასე ვფიქრობთ და თუ არ ვფიქრობთ ასე, მაშინ ამ კანონით გამოვა, რომ საქართველოში ყველაზე წარმატებულ ადამიანებს გადავუკეტავთ გზას პოლიტიკაში. ეს იგივეა, რომ მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძე გაგვეგდო პოლიტიკიდან და არ მიგვეცა საშუალება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო ან რამე პოლიტიკური სურვილები ჰქონოდა. ამ ფაქტის გააზრებასაც თუ ვერ მოვახერხებთ, რომ ეს ამას ნიშნავს, მე მგონი, მართლა არ ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრები გავხდეთ. ჩემი აზრით, ეს არის „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის გატანა საერთაშორისო არენაზე. იქ მოხვდა ზოგიერთი ისეთი პუნქტი, რომელიც რელევანტური არ არის საქართველოსთვის.

ჩვენ ერთმმართველობის პრობლემა გვაქვს, ოლიგარქების პრობლემა საქართველოს არასდროს ჰქონია. საქართველოში იმდენი ფული და ისეთი გავლენა როგორიც უკრაინის შემთხვევაში ოლიგარქებს ჰქონდათ, ასეთი სიტუაცია საქართველოში არ გვქონია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მსგავსი თემები