დონალდ ტრამპის ამომრჩევლებთან შეხვედრის ადგილთან შეიარაღებული კაცი დააკავეს

კალიფორნიაში, კოაჩელაში, იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს ხვდებოდა, შეიარაღებული კაცი დააკავეს.

BBC ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებული 49 წლის ვემ მილერია. პოლიციელებმა ის შესამოწმებლად გააჩერეს და აღმოაჩინეს, რომ კაცს ავტომობილში 2 იარაღი და რამდენიმე ყალბი პასპორტი ჰქონდა.

მილერი დაკავებულია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტობის „რესპუბლიკელ“ კანდიდატს საფრთხე არ ემუქრებოდა და მილერის დაკავებას ტრამპის კამპანიაზე გავლენა არ ჰქონია.

სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია დაკავებულის განზრახვებზე სპეკულირება. ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები