,,გერმანიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ ,,გერმანიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ”.

მათივე ცნობით, შეხვედრისას ზურაბიშვილმა შტაინმაიერთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე. ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელოვნური ბარიერები ექმნება.

,,პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც გულისხმობს მათთვის სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში ხელის შეშლას.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე განწყობა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად პროევროპულია და ქართველი ხალხის საგარეო ორიენტაცია იყო, არის და იქნება ევროპული.

თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას „ქართულ ქარტიას“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ. შტაინმაიერმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული მომავლისათვის”, – წერს ადმინისტრაცია.

მსგავსი თემები