უკრაინაში ყოფილი მებრძოლი კოსტანტინე ჯღამაია სუს-ში ჩვენებას აძლევს

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას უკრაინაში ყოფილი მებრძოლი, კოსტანტინე ჯღამაია აძლევს. როგორც ჯღამაიას ადვოკატი, თორნიკე ჩიქოვანი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან არავითარი კვეთა და ნაცნობობა არ აკავშირებს.

“მას არავითარი კავშირი არ აქვს ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან და მზად არის ჩვენება მისცეს. მისთვისაც გაურკვეველი და უცნობია, რატომ დაიბარეს, სწორედ ამიტომ არის მოსული, რომ ეს ფაქტი გაარკვიოს. უკრაინაში უცხოურ ლეგიონში იყო, ქართულ ლეგიონში არც ყოფილა, პერიოდულად იყო იქ, მთლიანობაში, წელზე მეტი. საქართველოში, როგორც მან მითხრა, რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა”- განაცხადა ჩიქოვანმა.

 ჯღამაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი მკვლელობის მომზადების ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები