„შეხვედრები ბუფეტშიც მქონდა, გარეთაც და შიგნითაც“- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე, 20-ამდე პოლიტიკურ ლიდერს შეხვდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იყო ეს შეხვედრები გასაჯაროებული, პრემიერმა უპასუხა, რომ ევროპელ ლიდერებს ე.წ ბუფეტშიც ესაუბრა.

„მქონდა იმის საშუალება, რომ [ევროპის პოლიტიკური გაერთიანებების მეოთხე სამიტზე] 20-მდე პოლიტიკურ ლიდერს გავსაუბრებოდი, საკმაოდ ხანგრძლივად, ამ სამიტის ფარგლებში. როცა საუბარია მაია სანდუს შეხვედრაზე, ეს შეხვედრები გაიმართა ე.წ. ბუფეტში, სადაც სხდებოდნენ პოლიტიკოსები და საუბრობდნენ. მე „ბუფეტშიც“ მქონდა შეხვედრა, გარეთაც და შიგნითაც. ყველგან მქონდა ეს შეხვედრები. შემიძლია ჩამოვთვალო ის პირები, ვისაც შევხვდი, მათ შორის, ჯოზეფ ბორელი, მასთან მქონდა საინტერესო საუბარი. მოვისმინე საინტერესო მესიჯები, რომელსაც ვერ გავახმოვანებ, იმიტომ, რომ კონფიდენციალურობა უნდა დავიცვა. იყო არაერთი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, რომელთანაც მქონდა გასაუბრების საშუალება. გვერდით მეჯდა პრეზიდენტი მაკრონი, რომელთანაც მქონდა საუბრის საშუალება და გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. ვნახე საერთო სურათი, რომელიც მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და იმის თქმის საფუძველს, რომ ეს გაუგებრობები იყო, არის დროებითი და როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე დასრულდება ეს გაუგებრობებიც. ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მათ შორის, ის განწყობა, რომელიც დავინახე ამ სამიტზე ევროპელი ლიდერების მხრიდან”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები