„შვიდი ტყვია ესროლეს“- მომხდარის დეტალებზე დაჭრილი კურიერის დედა საუბრობს

“გლოვოს” კურიერს, თემო სიგუას, წუხელ ნუცუბიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ. როგორც სიგუას დედა ამბობს, მის შვილს ფიზიკურად 8 ადამიანი გაუსწორდა, აქედან 4 გოგო იყო. მისივე ინფორმაციით, თემო სიგუას 7 ტყვია ესროლეს, აქედან სამი ფეხში მოხვდა და მას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

„შეკვეთა მიიტანა ნუცუბიძის პლატოზე, „ბოლო შეკვეთა მაქვს“, დამირეკა და ნახევარ საათში სახლში მოვალო. დამირეკეს, დაჭრილია თემოო და ჩამოვედი საერთოდ გათეთრებული, ვნახე. სამი ტყვია ჰქონდა ორივე ფეხზე, თითები აქვს დამსხვრეული, სჭირდება ძვირადღირეული ოპერაცია. შეკვეთა მიიტანა და 5 წუთში დაურეკეს, რა არისო, „აგვახიე“ერთი ბოთლი ლუდიო? გინება დაუწყიათ. ამას უთქვამს, მე რა შუაში ვარ, მე კურიერი ვარო, რაც გამომატანეს, ის მოგიტანეთო და „ბიჭო, შენ რა ენას ატლიკინებო“ და 4 ბიჭი ჩამოვიდა მერე 4 გოგო შემოგვიერთდაო და ყველა ერთად ურტყამდნენ და მერე მთელი „აბოიმა“ ტყვიები გამოუშვია და სამი ტყვია მოხვდა. 7-ჯერ ესროლეს და სამი ტყვია ორივე ფეხში მოხვდა“- ამბობს დაჭრილის დედა.

თბილისში გლოვოს კურიერს თავს რვა ადამიანი დაესხა

მსგავსი თემები