,,მდინარაძე ბოდავს, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზე ახლოსაც ვერ მოვიდოდა” – გახარია

,,მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს”, – ასე პასუხობს გიორგი გახარია ,,ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის დღევანდელ განცხადებას და ამბობს, რომ ტექსტი ივანიშვილის დაწერილია.

„მამუკა მდინარაძე იმ დროს, ახლა არ ვიცი და ალბათ ახლაც, იმ ოთახში შემოშვებაზე საუბარი კი არა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზე ახლოსაც ვერ მოვიდოდა და რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად.

ეს ტექსტი, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დაწერილია, რომელსაც შიშები ამოძრავებს”, – თქვა გახარიამ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ დღეს თქვა, რომ ,,მოვლენათა ქრონოლოგია და გიორგი გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან”. მისივე თქმით დავალებებს გახარიაც ,,საერთო პატრონებისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება”.

„როგორ მოხდა, რომ შს მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? პასუხი მარტივი არ არის, თუმცა შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები