“ბოდიში მოუხადეს, რომ შეეშალათ ვიღაც არაბებში”- ბექა ოდიშარია შვილის ინციდენტზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია გერმანიაში თავისი შვილის პოლიციასთან შელაპარაკების ამსახველ ვიდეოს ეხმაურება. მისი განცხადებით, მის შვილს, 22 წლის ლაშა ოდიშარიას, არაფერი დაუშავებია და პოლიციელებმა ბოლოს ბოდიში მოიხადეს.

“მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო. ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოს მოუხადეს ბოდიში. დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, “მთავარი” იყო თუ “რადიო თავისუფლება”, იქ უთხრეს, რომ ჩვენ არანაირი ინფორმაცია მაგ ხალხზე არ გვაქვსო – ესე იგი, არაფერი დაუშავებიათ და ამიტომ არ აქვთ ინფორმაცია. ეს ბავშვები მიდიოდნენ სტადიონზე ნაკრების საგულშემატკივროდ, გააჩერეს უმიზეზოდ, დაუწყეს ჩხრეკა. ჩემმა შვილმა უთხრა, უბრალო ტურისტი არ ვარო, რაც ნიშნავს იმას, რომ მე ვარ ევროპაში მცხოვრები, მაქვს საბუთი ამის და სწავლის უფლების და ასეა დანარჩენი საზოგადოებაც. ამაში არ იყო ნაგულისხმევი, რომ რაღაც განსაკუთრებული ადამიანები ან რასის წარმომადგენლები არიან. მეამაყება ჩემი შვილი, მისი საქციელიც და „შპიგელი“ კი სამარცხვინოდ იქცევა, რომ ასეთი თითიდან გამოწოვილი თემა დადო იუთუბზე, რაც გამოიყენეს ჩვენმა ფეიკ-არხებმა.

ბოდიში მოუხადეს, რომ შეეშალათ ვიღაც არაბებში, ასეთი დამოკიდებულება ქართულ პოლიციას სტუმრების მიმართ ნამდვილად არ აქვს. შემდგომ ის არაბები დაიჭირეს თავისი მოპარული ნივთებიანად და კადრებში ჩანს, რომ ეს ბიჭები წავიდნენ. ბოდიშის ვიდეო რა თქმა უნდა, მოჭრეს და არ განათავსეს. მაგრამ ჩანს, რომ ეს ახალგაზრდები საქართველოდან არაფერში დამნაშავე არ იყვნენ და წავიდნენ. ხელწერილიც კი არ დააწერინეს” – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

3 აგვისტოს გერმანულმა Spiegel-მა იუტუბის არხზე გამოაქვეყნა ნახევარსაათიანი ვიდეო, სადაც ჰამბურგის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების სამუშაო დღეა გადაღებული. ვიდეოში ჩანს ახალგაზრდებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შელაპარაკება. ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი დეპუტატის შვილია. მიუხედავად შელაპარაკებისა, მათ კანონი არ დაურღვევიათ და რაიმე ტიპის სამართლებრივი პროცესი არ დაწყებულა.

 

 

 

მსგავსი თემები