ირანმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სასაზღვრო დავაში აზერბაიჯანის მხარეს არ დადგეს

ირანის ახალმა რეფორმისტულმა მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა, რომ სასაზღვრო დავაში აზერბაიჯანის მხარეს არ დადგეს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიდ აბას არაღჩიმ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და რუსეთი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის მოთხოვნას სომხეთ-ირანის საზღვარზე სახმელეთო კორიდორის შესახებ.

„რეგიონული მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა არ არის მხოლოდ პრეფერენცია, არამედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საყრდენია. ნებისმიერი საფრთხე ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან ან დასავლეთიდან ჩვენი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისადმი ან საზღვრების შეცვლის მცდელობა სრულიად მიუღებელია და ირანისთვის წითელი ხაზია“, – დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელში.

„გარდიანი“ წერს, რომ ეს განცხადება შესაძლოა მიუთითებდეს, ირანის ახლად არჩეული მთავრობის მზადყოფნაზე უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს მოსკოვის მიმართ.

 

მსგავსი თემები