,,გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 450-მა ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს და ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა სარჩელის წარმატება.

„ვფიქრობ, არავითარი პერსპექტივა ამ სარჩელს არც მანამდე ჰქონდა და ახლა მითუმეტეს არ აქვს, ამას დაემატა ახლა უკვე „სირცხვილიას“ აღიარება, ამას დაემატა 450 ორგანიზაციის მიმართვა იუსტიციის სამინისტროსადმი, ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა ამ სარჩელის წარმატება. რეალურად ყველაფრით დამტკიცდა, რომ არც სტიგმატიზაციისა და არც შეზღუდვების პრობლემა არ არსებობს.

როგორ შეიძლება, გაასაჩივრო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – ხარ ორგანიზაცია, რომელიც იღებ დაფინანსებას 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან, მიმართავ იუსტიციის სამინისტროს ერთადერთი მოთხოვნით, რომ შენი ინფორმაცია დაფინანსების თაობაზე ვებგვერდზე დაიდოს და ამაზე საუბრობენ, რომ არის რუსული, საშინელი კანონი და ორგანიზაციებს გააუქმებს და ა.შ. როგორ შეიძლება, ასეთ სარჩელს ჰქონდეს რაიმე წარმატება, სრული აბსურდია ეს ყველაფერი. შესაბამისად, მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ სარჩელის პერსპექტივის მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მოსარჩელეების რაოდენობა არის ერთ პროცენტზე ბევრად ნაკლები და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ტყუილი კიდევ ერთხელ გაავრცელეს.

 

მსგავსი თემები