,,სხვაგვარად არ შემიძლია, ეს მისი უკანასკნელი სურვილი იყო” – რას გეგმავს წიგნის ,,სოფლის მოძღვრის” ავტორი

ერთმანეთი ტელეკომპანია ,,ქართულ ტელევიზიაში” გაიცნეს. ორივეს საავტორო გადაცემა ჰქონდა. მწერალმა სწორედ მაშინ გადაწყვიტა, დაწყებული წიგნი გვერდით გადაედო და ამ იშვიათ მოძღვარზე დაეწერა. წიგნის ,,სოფლის მოძღვრის” პირველი წარდგენა მწერალთა სახლში მოხდა.

,,იმ დროს მამა თეიმურაზი კომაში იყო. მოძღვრის დედამ, ქალბატონმა მზიამ მითხრა, არავითარ შემთხვევაში არ გადადო. როცა მამაო გამოჯანმრთელდება, კიდევ გააკეთებს წიგნის წარდგენასო. ასეც იყო”, – ამბობს ციცი გურიელი და ცდილობს ტკივილით გაიხსენოს მღვდელი, რომელიც მუდამ მზად იყო ყველასთვის გაეზიარებინა სიყვარული.

ციცი გურიელი: წარსულში საუბარი ძალიან მიჭირს. მამა თეიმურაზი იყო მოვლენა, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ სოფლის მოძღვარი უნდოდა ყოფილიყო.

ტირის ყველა, ვინც იცნობდა და არ იცნობდა. საოცრება ხდება. მის მეუღლეს, ფოფოდია რუსუდანს ენით აღუწერელი მწუხარება აქვს. მამაოს პატარა შვილები ჰყავს. ტკბილი მამა იყო. მოძღვარია და ბუნებრივია, რომ სხვანაირად ზრდიდა ბავშვებს.

სიკეთის სხივი, სიყვარულის შუქურა, ნამდვილი მოძღვარი იყო, სუფთა და ნამდვილი ქრისტიანი. მან ეს დიდი სიყვარული ერისგანაც და ბერისგანაც დაიმსახურა. მე მსგავსი ადამიანი არ მინახავს.

მე 23 წლის შვილი მყავს გარდაცვლილი. გიორგი ვერც ხედავდა, ვერც მეტყველებდა, იწვა უმწეოდ… მამა თეიმურაზი რომ გავიცანი, გოგილო სამი წლის გარდაცვლილი იყო. მიუხედავად ჩემი გარეგნული მხნეობისა, გულში რომ დიდ ტკივილს დავატარებდი, ეს მამა თეიმურაზმა იცოდა და ცდილობდა, სახარებისეული სიბრძნეებით შემომხიდებოდა… სულ მამხნევებდა. ჩემი შვილის გარდაცვალებიდან ხუთი წელი გადის, ის ჩემგან არსად წასულა. ყველა წიგნი, რაც კი დამიწერია, საქველმოქმედოდ რეალიზდება. შემოსული თანხა ხმარდება ბავშვებს, ვისაც ისეთი მძიმე დაავადებები აქვს, რაც გიორგის ჰქონდა…

***

მამა თეიმურაზი ჩემი ნაწარმოებების მკითხველი იყო. ლიტერატურა უყვარდა. ყველა ნოველაში უფლის სიყვარულზე ვწერ, ჩვენს მისიაზე ვწერ. მეკითხებოდა, საიდან გაქვთ ასეთი სიღრმეები, როგორ წაადგებოდა ბავშვებს ეს მოთხრობები სკოლაში რომ ისწავლებოდესო…  ბედნიერი ვიყავი მისი ასეთი შეფასებებით. მასთან ერთი საუბარი თითქმის ერთი წლის სულიერ საზრდოდ მყოფნიდა.

არამიწიერი იყო. მე მიკვირდა, როგორ დააბიჯებდა დედამიწაზე. თვალებში ვერ ვუყურებდი. და როცა თვალს  გავუსწორებდი, მეგონა, სადღაც მივდიოდი მის თვალებს მიღმა. საოცრება იყო; ბავშვურად გულჩვილი.

განა რა გააკეთა ისეთი, ასეთ ახალგაზრდაზე წიგნს რომ წერო?! მეკითხებოდნენ. და გეტყვით. ზოგადად 12 წლის ბავშვის ქვეცნობიერი ჩამოუყალიბებელია. და 12 წლის მამა თეიმურაზს, არც ფეხბურთი და მუსიკა უნდოდა, არც სხვა დანარჩენი, რაზედაც მშობლები ატარებდნენ. 12 წლის ბავშვი მცხეთის ჯვრის მონასტრის ფილაქანზე მუხლებზე იდგა და ლოცულობდა. იცოდა, რომ თუკი რამე უნდოდა გამოსულიყო, მოძღვარი იყო. როგორც მედავითნეს, 14 წლისას ჩაატარებინეს პირველი წირვა. ამხელა დოზით იყო მასში უფლის სიყვარული.

იყო კეთილშობილების განსახიერება. თავის ქადაგებებს და წირვა-ლოცვას ისე არ ასრულებდა, მრევლისთვის რომ არ ეთქვა – მიყვარხართო.

***

პირველად რომ შევხედე ამ ფარატინა ადამიანს, გული გამინათდა. ლანდი გასდიოდა. თვალები არაამქვეყნიური ჰქონდა. მაშინვე ვუთხარი, ახლავე მჭირდება თქვენი კურთხევა, თქვენზე დავწერ წიგნს და დავარქმევ “სოფლის მოძღვარს”-მეთქი. გაეცინა. თუ თქვენ ეს გულით გინდათ და სიყვარულით უნდა გააკეთოთ, მე არ მაქვს უფლება დაგიშალოთო. მერე ვურეკავდი და ვეუბნებოდი, ეს ზედმეტი ხომ არ არის, ან აქ რაიმე ხომ არ შევცვალო-მეთქი? ბავშვურად გაიცინებდა. ქალბატონო ციცი, თქვენ ხომ ყველაფერს სიყვარულით წერთო. სიყვარული იყო მისთვის ამოსავალი წერტილი ყველაფრიდან… გამოქვეყნებამდე რომ წაიკითხა, ცრემლიანი ხმით დამირეკა, როგორ დამინახეთ ასე ზუსტადო. ბედნიერი ვარო… – ეს ხმა ყურებში ახლაც მაქვს.

კომიდან რომ გამოვიდა და გამოჯანმრთელდა, სოფელ დიდ ჩაილურში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გაკეთდა ,,სოფლის მოძღვრის” წარდგენა. ტკბილი დღე იყო.

მაისში საპატრიარქოს ტელევიზიაში იყო ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა. ამ წიგნზე სასაუბროდ გადაცემაში ერთად ვიყავით მიწვეული. მაშინ ღიმილით მითხრა, ქალბატონო ციცი, საგარეჯოელები (წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის მრევლს გულისხმობდა) მებუტებიან, ჩაილურელებთან რომ გქონდათ წიგნის წარდგენა, ჩვენ რა დავაშავეთო? თუ არ შეწუხდებით, ამ შემოდგომაზე, რთველის დროს, ერთ თბილ დღეს ჩავატაროთ კიდევ ერთი წარდგენაო. დიდი სიამოვნებით-მეთქი… აი, აღარ არის ადამიანი, მაგრამ მე მაინც ჩავატარებ ჩვენი წიგნის წარდგენას… სხვაგვარად არ შემიძლია. ეს მისი უკანასკნელი სურვილი იყო.

მსგავსი თემები