,,რა უფლება აქვს საქართველოს მხარეს, მესამე ქვეყანაში გადასვლა ამიკრძალონ” – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ყვება, რომ მესაზღვრეებმა მას საქართველოს ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცეს და უთხრეს, რომ მას ქვეყნიდან გასვლა მხოლოდ ბაქოს მიმართულებით შეუძლია.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის არ განუმარტავთ, რატომ ეკრძალება მესამე ქვეყანაში, კერძოდ თურქეთში წასვლა.

,,ორჯერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავალებით დამაპატიმრეს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა მე როგორც პოლიტპატიმარი ისე მაღიარეს. პატიმრობაში ყოფნისას 242 დღე გრძელდებოდა ჩემი შიმშილობის აქცია, რადგან ეს პატიმრობა იყო დაკვეთით და უსამართლოდ. ამ ყველაფრის მერე საქართველოში მოვედი და ამის მერე ჩემს ოჯახზე იმუქრებოდნენ აზერბაიჯანში, რომ მე თუ არ დავან3ბებდი ილჰამ ალიევის ხელისუფლების კრიტიკას, ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე.

მერე ოჯახიც გადმოვიყვანე საქართველოში. მაგრამ მივხდი, რომ საქართველოც არ იყო უსაფრთხო ქვეყანა, დავაპირე მესამე ქვეყანაში წავსულიყავი, თუმცა აეროპორტში მითხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შემიძლია დაბრუნება, სხვა ქვეყანაში ვერ გაგიშვებთო. ეს წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც მე აზერბაიჯანის მოქალაქე ვარ, რა უფლება აქვს საქართველოს მხარეს, რომ მესამე ქვეყანაში გადასვლა ამიკრძალონ.

გასაგებია, რომ ეს აზერბაიჯანის დაკვეთაა და უნდათ აზერბაიჯანში დავბრუნდე და იქ დამაპატიმრონ. აფგან მუხთარლის გატაცებით აზერბაიჯანში გადაცემის შემდეგ ვიფიქრე ეს არასდროს განმეორდებოდა, თუმცა ახლა ვხდები, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლაც აზერბაიჯანის ხელისუფლების დავალებებს ასრულებს”, – ამბობს ჟურნალისტი ,,მთავართან”.

მსგავსი თემები