“გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას”- ჩიქოვანი

აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი „გაუგებარ გადაწყვეტილებას“ უწოდებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი არსებობს, შესაბამისად, ემზადებიან წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2025 წელს.

 „გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას. თუმცა, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ, თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებებში, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფები არის სასარგებლო ღონისძიება, როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის და ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობს.

თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ერთი მხრივ, გაუგებარია გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე მხრივ – ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფორმატი, რომელიც არსებობს თავდაცვის დეპარტამენტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. ამ ფორმატებში თანამშრომლობას ვაგრძელებთ, ვმუშაობთ და ასევე ვემზადებით იმ სხვა საერთაშორისო წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილი გვაქვს 2025 წელს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები