,,საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია” – ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, რადგან ქვეყანა ,,საპირისპირო მიმართულებით” მოძრაობს და ამაზე გუშინ, ლუქსემბურგში გამართულ სამიტზეც ისაუბრეს.

ცაჰკნამ განცხადება უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომელიც ოფიციალურად დღეს დაიწყო.

,,დღეს სასიხარულო დღე გვაქვს, რადგან უკრაინასთან და მოლდოვასთან ვიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენთვის, ესტონელებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ევროკავშირს შევუერთდით ოცი წლის წინ და კარგად გვესმის, რომ გაფართოება არის ეგზისტენციური მნიშვნელობის. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ევროპაში ნაცრისფერი ზონები. სამწუხაროდ საქართველო მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით და ჩვენ ამის შესახებ გუშინ ვისაუბრეთ.

გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ახლა შეჩერებულია და იქნება შედეგები დაფინანსების მხრივ და ასევე, იმედი მაქვს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვებზე”, – ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მინისტერიალის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას, მთავრობის ფინანსური დახმარების გაჩერებას, ასევე აპირებს გადახედოს ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს დახმარებას.

ევროკავშირის კონკრეტული გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, კვირის ბოლოს, ევროპული საბჭოს სხდომაზე გაირკვევა, როცა 27 წევრი ქვეყნის ლიდერები შეიკრიბებიან.

მსგავსი თემები