„უნდა დასანქცირდნენ ივანიშვილი და ყველა ის დეპუტატი, ვინც ამ კანონს ხმა მისცა“ – ესტონეთის პარლამენტის წევრი

ამერიკული სანქციების შემდეგ, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ წევრები  ევროპამაც დაასანქციროს. ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოში უკვე დამტკიცებულია რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტარები „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის ევროპაში მოგზაურობის შეზღუდვას და მათთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ. ევროპელ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნება” რუსეთის გზას დაადგა და ამ გზაზე რუსული კანონი მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

ესტონეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კალევ სტოიჩესკუ  აცხადებს, რომ მტკიცედ ემხრობა მიზანმიმართულ, კონკრეტულ სანქციებს, მათ შორის სამოგზაურო შეზღუდვებს ბიძინა ივანიშვილისა და იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებაზე არიან პასუხისმგებელნი.

„მე სავსებით ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის დასჯას. მისი მთავრობის, ყველა დეპუტატის, ვინც ამ  კანონს ხმა მისცა და ყველა სხვა პირს, რომელიც პასუხისმგებელია. მიზანმიმართულ სანქციებს მათ წინააღმდეგ. მეტიც, ვიტყოდი, რომ მათ ევროპაში შესვლაც კი უნდა შეეზღუდოთ. თუ ასეთ კანონებს იღებ, რატომ უნდა იმოგზაურო ევროპაში? შენ არ ხარ დაინტერესებული ევროპელობით.  არ მსურდა ხელი მომეწერა იმისთვის, რაც შეიძლება, დემოტივაცია აღმოჩნდეს ქართველებისთვის. მე იმ ქართველების გვერდით ვარ, ვინც პროევროპელია, ვისაც სურს ამ კურისის შენარჩუნება. განცხადების ბოლო ნაწილი გულისხმობს ესტონეთის მთავრობის მიერ ევროკავშირისთვის მოწოდებას, დაასრულოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლება. ამას ხელს ვერ მოვაწერდი, რადგან ვფიქრობდი, ეს იქნებოდა დემოტივაცია იმ ქართველებისთის, ვინც ქუჩებში გამოდიოდა და მხნედ აპროტესტებდა ამ კანონს. ეს იქნებოდა კოლექტიური სასჯელი, რომელიც მათაც შეეხებოდა”, – აცხადებს კალევ სტოიჩესკუ.

44 დეპუტატის მიერ წარდგენილ განცხადებას, ესტონეთის პარლამენტის 57-მა წევრმა მხარი 11 ივნისს დაუჭირა.

 

 

მსგავსი თემები