სალომე ზურაბიშვილმა ეუთო/ოდირის დირექტორთან მატეო მეკაჩისთან საქართველოში მიმდინარე მოვლენები და „რუსული კანონის“ მიღებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და დემოკრატიულ განვითარებაზე შესაძლო შედეგები განიხილა. ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე რუსულ კანონის ვეტოზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ვეტოს დაადებს ყველა იმ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიულ განვითარებას.
ამავე ცნობით, ეუთო/ოდირის დირექტორმა გამოთქვა აბსოლუტური მზაობა, გააძლიეროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციების და ადამიანის უფლებათა ოფისი მზადაა როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია მოავლინოს საქართველოში და ამ საკითხზე მიმდინარე წლის დასაწყისიდან აქტიურად მუშაობს სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად”- ნათქვამია განცხადებაში.