სტრასბურგმა მიიჩნია, რომ  სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები სერიოზული და საფუძვლიანი იყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილს განცხადება, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებზე ჰქონდა შეტანილი.

საჩივარში სააკაშვილი უთითებდა, რომ 2018 წლის 28 ივნისს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე, გადაუმოწმებელ მტკიცებულებას ეფუძნებოდა.

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო გამოტანილ განაჩენს, სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, სააკაშვილი საჩივარში აღნიშნავდა, რომ განაჩენი ეფუძნებოდა გადაუმოწმებელ მტკიცებულებას, რითაც კიდევ ერთხელ დაირღვა კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლები.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები იყო სერიოზული და საფუძვლიანი. ევროსასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში მის წინააღმდეგ იყო პირდაპირი და თანმიმდევრული ირიბი მტკიცებულებები, ხოლო ეროვნულმა სასამართლოებმა პროცესი გამართეს სრულად შეჯიბრებითობის პრინციპით, რომლის დროსაც სააკაშვილის ადვოკატმა შეძლო სათანადო პასუხების გაცემა.

ევროსასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს განაჩენები იყო სათანადოდ დასაბუთებული.

 

 

მსგავსი თემები