,,უკრაინა არა მხოლოდ ნერგავს ნატო-ს სტანდარტებს, არამედ შეუძლია, ახალი სტანდარტების შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა”- ზელენსკი

,,ოკუპანტებმა უკვე ძალიან კარგად იგრძნეს, რა არის თანამედროვე არტილერია და მათ ჩვენს ოკუპირებულ მიწაზე არსად ექნებათ უსაფრთხო ზურგი,”-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის შეფასებით, რუს სამხედროებს ღიად ეშინიათ უკრაინული შეიარაღებული ძალების, მისი თქმით, ეს დასტურდება მათი საუბრების ჩანაწერებიდან.

„წინ ნამდვილად რთული გზაა. სამწუხაროდ, სხვანაირად შეუძლებელია, როდესაც საკუთარ სახლს ტერორისტული თავდასხმისგან იცავ. თუმცა ისიც გასაგებია, რომ წინ ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებაა. უკრაინა შეძლებს საკუთარი თავის დაცვას, შეძლებს აღდგენას, შეძლებს თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას. როდესაც ამისთვის გულწრფელად მუშაობს მილიონობით ადამიანი, თითოეული თავის დონეზე – შედეგი აუცილებლად იქნება. თქვენ იცით, მე რატომღაც იშვიათად ვუხდიდი მადლობას ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ. რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, აქ რჩებიან, რომლებიც ყოველ დღე თავიანთ საქმეს ასრულებენ უკრაინის რწმენით, გამარჯვების რწმენით. ახლა მინდა, მადლობა გადავუხადო. მადლობა, რომ თქვენ ჰყავხართ უკრაინას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ახლა არა მხოლოდ ნერგავს ნატო-ს სტანდარტებს, არამედ მას შეუძლია, ახალი სტანდარტების შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა.

„დღეს მინდა, აღვნიშნო ერთი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიყურება როგორც ტექნიკური, თუმცა მის უკან ბევრი სიმბოლიზმი და შინაარსიანი პოლიტიკური სამუშაოა. უკრაინა გახდა ნატო-ს ტექნოლოგიური ურთიერთთავსებადობის სპეციალური მრავალმხრივი პროგრამის ასოცირებული წევრი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს ეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებს. ახლა უკრაინა არა მხოლოდ ნერგავს ნატო-ს სტანდარტებს, არამედ მას შეუძლია, ახალი სტანდარტების შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი სამხედროების გამოცდილება, უკრაინული ინსტიტუტების შესაძლებლობები, ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების პოტენციალი – ყველაფერი ეს იქნება უკრაინის წვლილი ევროპაში კოლექტიური უსაფრთხოების განვითარებაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები