„იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ“ – სანიოლის პირველი კომენტარი ალბანეთთან მარცხის შემდეგ

ალბანეთთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პირველი კომენტარი გააკეთა.

„ზოგჯერ მარცხის შემდეგ ყველაფრის უარყოფითად დანახვა გვსურს. ჩემი გადმოსახედით ბურთს ვაკონტროლებდით და გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა. ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენე, რადგან მეტოქე დაცვიდან თამაშობდა. ვფიქრობ, ჩემს ფეხბურთელებს ტაქტიკასთან შეგუება არ გასჭირვებიათ, თუმცა ბოლო პასისას ვცდებოდით და საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ. იმედი მაქვს, შეცდომებს გამოვასწორებთ. თამაშით და შედეგით გულდაწყვეტილი ვარ. მარცხის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მეტოქის საჯარიმოში მეტი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. ხშირად, არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით მეტოქის საჯარიმოში. ვნახოთ, მომავალში როგორი ტაქტიკით ვითამაშებთ. წინ მუნდიალის შესარჩევი ციკლია. მეორე და მესამე გეგმა ყოველთვის უნდა გქონდეს. მეტოქიდან და ვითარებიდან გამომდინარე, უნდა ვრეაგირებდეთ. ჩემი აზრით, საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე, სათადარიგოთა სკამზე შემტევი პოტენციალი ნაკლები იყო, სიტუაციიდან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მივიღე.

ქოჩორაშვილის პოზიციაზე ჩვენ მსგავსი მოთამაშე არ გვყავს და ტაქტიკა ამიტომ შევცვალე. მიქაუტაძეზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, კლუბში რთული მდგომარეობა აქვს. არ დავივიწყებთ, რაც მან ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთა. როგორც დღეს, ასევე წინა თამაშებში ეტყობოდა, რომ კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. თუ ასე გაგრძელდება, უთამაშებლობა როგორც მის საკლუბო, ასევე სანაკრებო კარიერას დაეტყობა“, – აღნიშნა სანიოლიმ.

მსგავსი თემები