,,გაფართოება დარჩება ევროკავშირის პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტად, რადგან ჩვენი პარტნიორების გარეშე ორგანიზაცია სრულყოფილი ვერ იქნება” – ოლივერ ვარჰეი

,,გაფართოების პოლიტიკა ევროკავშირის უმთავრესი პრიორიტეტი გახდა. ევროპაში გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე გაფართოება გარდაუვალია”, – განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.

მისი თქმით, გაფართოების გარეშე მშვიდობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნება.

„აღარ არის დებატები იმის შესახებ, შედგება თუ არა გაფართოება, საკითხი და კითხვა ასე დგას – როდის მოხდება გაფართოება. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება, მით უფრო სწრაფად განვახორციელებთ გეოპოლიტიკურ ინვესტიციას და მოვახდენთ ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კონსოლიდაციას. ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილებები და მე ვამაყობ მიმდინარე კომისიის მუშაობით გაფართოების მიმართულებით, ვინაიდან მართლაც შთამბეჭდავია.

ჩვენ მივიღეთ 4 ახალი აპლიკაცია ორგანიზაციის წევრობის შესახებ. ეს ქვეყნებია – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და კოსოვო. ყველა აპლიკაცია 2022 წელს გამოიგზავნა კომისიაში. მივანიჭეთ სამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი . სტატუსი მიიღო უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ და ბოსნია ჰერცეგოვინამ. ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს და დავდეთ მაგიდაზე ყველა ინსტრუმენტი ორგანიზაციის შემდგომო სრულყოფისთვის. მიღწეულმა პროგრესმა მოგვცა ოპტიმიზმი მომავალთან მიმართებაში.

მნიშვნელოვანია საქართველომ დაადასტუროს თავისი ვალდებულებები ევროკავშირში წევრობის მიმართ და წავიდეს წინ ევროპულ გზაზე. მზადაა და წარმოდგენილია ყველა ინსტრუმენტი და ამიტომაც ახლა ჯერი პარტნიორებზეა, რომ გააძლიერონ მუშაობა, ვინაიდან ეს ინსტრუმენტები არსებითად დააჩქარებს მათი გაწევრიანების პროცესს. ეს ინსტრუმენტები დაეხმარება მათ წევრობისთვის მზად იყვნენ. კომისიას მუშაობის დასაწყისში ჰყავდა 7 პარტნიორი გაფართოების კუთხით და ახლა ჰყავს 10. კანდიდატთა რიცხვიც 5-დან 9-მდე გაიზარდა.

მოლაპარაკება გახსნილია 8 სახელმწიფოსთან. გაფართოება არის და დარჩება ევროკავშირის პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტად, რადგან ჩვენი პარტნიორების გარეშე ორგანიზაცია სრულყოფილი ვერ იქნება. გაფართოება იქნება დაფუძნებული დამსახურებაზე. და კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე. წარმატება იქნება დამოკიდებული თითოეული ქვეყნის პროგრესზე. კანდიდატებმა და პოტენციურმა კანდიდატებმა უნდა შეასრულონ აღებული ვალდებულებები. ევროკავშირი მზადაა მიიღოს ახალი წევრები უახლოეს წლებში“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მსგავსი თემები