,,იყო აქტიური ჩართულობა, რომ სკოლისა და ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ, რას ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილის შვილად ყოფნა” – ოხანაშვილი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან იმ კანონების პაკეტის მიზნებზე ისაუბრა, რომლებიც მმართველმა გუნდმა პარლამენტში შეიტანა. მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საჭიროა ჩარევა და მოქმედება, ოღონდ არა უხეშად და ვინმეს უფლების ხარჯზე.

„იყო კონკრეტულ საკითხებზე პირდაპირი, აქტიური ჩართულობა, რომ დაგვეწყო შეტანა სასწავლო კურსის და სკოლის და ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ რას ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილის შვილად ყოფნა, რა შედეგებს იწვევს, როგორ გრძნობენ ისინი თავს. სწავლების კურსის შეტანაზე იყო აქტიური მოწოდებები და ჩართულობა დახურულ კარს მიღმა. კიდევ ბევრი სხვა მოცემულობაა, როდესაც დაიბეჭდა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც იყო ეს ყველაფერი წარმოჩენილი პროპაგანდის და პოპულარიზაციის მიზნით და ა.შ. ჩვენ ეს ხელის გულზე გვიდევს უკვე. აქ საჭიროა ჩარევა და მოქმედება, ოღონდ არა უხეშად და ვინმეს უფლების ხარჯზე“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ხვალ პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვებს იწყებს. პროექტებს იურიდიული კომიტეტი განიხილავს. ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ უჭერს.

მსგავსი თემები