„ჰამასის“ განცხადებით, ისრაელის ავიაიერიშს ორი მძევალი ემსხვერპლა

დაჯგუფება „ჰამასი“ ორი ისრაელელი მძევლის დაღუპვის შესახებ იუწყება და ამტკიცებს, რომ ისინი ისრაელის ავიაიერიშმა იმსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „ჰამასმა“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დაღუპული მძევლების ცხედრები ჩანს. BBC წერს, რომ გავრცელებულ ვიდეოში ქალი, სახელად ნოა არგამანი, ზეწოლის ქვეშ ამბობს, რომ ორი კაცი, რომლებთან ერთადაც იყო დატყვევებული, დაიღუპნენ.

მისი თქმით, კაცები – რომელთაგან ერთ-ერთი იდენტიფიცირებული იყო, როგორც 38 წლის იტაი სვირსკი – მოკლეს “ჩვენი ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმებმა”. როდის არის ვიდეო ჩაწერილი უცნობია.

ჰამასის მტკიცების საპასუხოდ თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ მძევლები ისრაელის დარტყმების შედეგად არ დაღუპულან. “ეს ჰამასის ტყუილია. შენობა, რომელშიც ისინი ჰყავდათ დაკავებული, მიზანი არ ყოფილა”, – განაცხადა ჰაგარიმ.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ მძევლების გათავისუფლება მხოლოდ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლის გაძლიერებით იქნება შესაძლებელი.

მსგავსი თემები