“დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ, დადასტურებულად ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს”- არჩილ გორდულაძე

“გამოძიებამ, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს, გამოავლინა, რომ დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ, დადასტურებულად ძარცვავს პირდაპირი მნიშვნელობით ევროპელ პენსიონერებს” – ასე გამოეხმაურა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე.

როგორც ის განმარტავს, უცხოეთიდან შემოსული თანხები წინასაარჩევნო კამპანიას არ უნდა ხმარდებოდეს.

„ეს ნაძარცვი ფული ჩვენ კარგად ვიცით და საზოგადოებაც საქმის კურსშია, რას ხმარდება და რა ქმედებები ფინანსდება. პირდაპირი მნიშვნელობით, ყველა ის ძალადობრივი ქმედება, რომლითაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი მედია არის ხოლმე წარმოდგენილი, სწორედ ამ ფულით ფინანსდება. ამავდროულად, ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან იმ თანხებით, რომელიც პირდაპირ, უცხოური გავლენის და პატრონების მხრიდან არის ხოლმე დაფინანსებული, რაც ძალიან სამწუხაროა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ უცხო ქვეყნებიდან ჩარიცხული თანხები არ შეიძლება წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდეს და პოლიტიკაში უცხო ქვეყნიდან ჩარიცხულ თანხებს ადგილი არ აქვს. განსაკუთრებით, როცა ეს თანხები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმული ადამიანების ნაძარცვი ფულია“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი თემები