„კობახიძე და ივანიშვილი არიან გამწარებულები, იციან აგებენ არჩევნებს”- ხაბეიშვილი

„კობახიძე და ივანიშვილი არიან გამწარებულები, იციან აგებენ არჩევნებს და ახლა გადაწყვიტეს შტაბის ხელმძღვანელი აიყვანონ მძევლად“- განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის სასამართლო პროცესის შემდეგ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ სასამართლო პროცესები, რადგან მიეცეთ მათ შესაძლებლობა წინასაარჩევნო პერიოდში იმუშაონ მოქალაქეებთან.

„გამწარებულია კობახიძე, ივანიშვილი, აგებენ არჩევნებს, აგებენ განსაკუთრებით დედაქალაქში. გლდანში და სამგორში ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020-ში წააგეს არჩევნები და ახლა ორი შტაბის ხელმძღვანელი წინაზე მძევლად აიყვანეს, ახლა სასამართლოში უნდა ატარონ. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მაღალანაზღაურებად ხელფასებზე, ადამიანების ყოფა როგორ შემსუბუქდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ მათ უნდათ პენსიების ზრდაზე კი არ ვილაპარაკოთ – არა! არამედ უნდათ, რომ დაიჭირონ ირაკლი ნადირაძე. 1000 ლარიან პენსიაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა დაიჭირონ ირაკლი ეძგვერაძე. საბანკო ოლიგარქიის დაშლაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ამ ყველაფერზე კი არ უნდათ რომ ვილაპარაკოთ, არამედ სასამართლოში, დაკითხვებზე უნდა გვატარონ. დაკავებული უნდა ჰყავდეთ შტაბის ხელმძღვანელი რამდენიმე დღე. ცხადია, მოსამართლეც მონაწილეობს ამ ანტიდემოკრატიულ მოქმედებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელი გვეშლება საარჩევნო კამპანიაში“- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო. ირაკლი ნადირაძე იმავე ღამეს გაათავისუფლეს. ირაკლი ეძგვერაძე კი სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 სექტემბერს ჩაინიშნა.

მსგავსი თემები