ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს, პირად კონტროლზე აიყვანოს ირაკლი ეძგვერაძის ცემის საქმე

ადვოკატი ენმ-ის დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის ცემის საქმეზე სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს და მოუწოდებს, პირად კონტროლზე აიყვანოს გასულ ღამეს, გლდანში მომხდარი ინციდენტი. ლაშა ტყეშელაძემ დაკავებული ეძგვერაძე დღესაც მოინახულა და როგორც ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, ეძგვერაძემ დეტალურად მოუყვა პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ.

,,ირაკლი რა თქმა უნდა, მხნედ გრძნობს თავს. ამ დრომდე, ერთხელ უკვე მოვუწოდე, მაგრამ არავითარი დაინტერესება არ ყოფილა სპეციალური საგამოძიებოდან, არც სახალხო დამცველი არ შემომხმიანებია. აუცილებელია, სახალხო დამცველი ჩაერთოს და პირად კონტროლზე აიყვანოს, რადგან ირაკლიმ მომიყვა, რომ როდესაც შეიყვანეს ავტოფარეხში, რამდენიმე პირი უჭერდა კისერზე და ყელის მიმართულებით ხელს და როდესაც ვეღარ სუნთქავდა  და მიხვდნენ, რომ შეიძლება გათიშულიყო, ან გაგუდულიყო, მაშინ გაუშვეს ხელი და ეს ყველაფერი მას აღენიშნება”, – აღნიშნა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.

მისი თქმით, ეძგვერაძე მოინახულა ექიმმაც და სხეულზე მიყენებული დაზიანებები შესაბამის დოკუმენტაციაშია შეტანილი.

მსგავსი თემები