„ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა”- სალომე ზურაბიშვილი

„საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის “გარდამტეხი წელი” ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

“საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება. ეს არასდროს ყოფილა ოცნება. ეს იყო მიზანი, ეს იყო ამბიცია, ეს იყო მისწრაფება, არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, (30 წელზე მეტი ხნის წინ) არამედ საუკუნეების მანძილზე საქართველო ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ ბრუნდებოდა და თავს ევროპულ ქვეყნად ხედავდა. ის ყოველთვის დასავლეთს უყურებდა, რადგან ყოველთვის სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო იმპერიებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. დღეს კი, რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა

ტრაგედიაა, როცა ზოგი, არ ვამბობ, რომ ჩვენ, მაგრამ ზოგი ჩვენს მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებს და არაფერს ამბობს მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. ეს ტრაგედიაა, როცა იწყებ არევას და არ იცი სადაა შენი მთავარი ორიენტაცია”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები