იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება.

მასში გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

ამნისტია 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი 1 000 პატიმარს შეეხება. დაახლოებით 7 000 პირს პირობითი მსჯავრი ერთი წლით შეუმცირდება.

დღევანდელ საკომიტეტო განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩის“ წევრები დაესწრნენ. პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით ივლისში მიიღო.

მსგავსი თემები