„კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი“- რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლება და საპატრიარქო?!

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“. პროტოპრესვიტერმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოს მხრიდან პრინციპული თანხმობა არსებობს, მაგრამ საბოლოო რედაქცია კვლავ საპატრიარქოს წარედგინება და თანხმობის შემთხვევაში ჩაიწერება საქართველოს კონსტიტუციაში.

„სხდომებზე, რომელიც იმართებოდა 26 და 29 აგვისტოს, განიხილებოდა ის საკითხი, რა შემოთავაზებაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო. ეს პირველ რიგში, ეხებოდა კონსტიტუციის მე-8 მუხლს, სადაც საუბარია სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის შესახებ. შემოთავაზება ასეთია, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია.“ და მეორე ქვეპუნქტი შემდეგნაირად რომ ჩამოყალიბდეს: რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. სულ ერთი სიტყვა ემატება: [ჩანაწერში] „საქართველოს ისტორიას“, რომ დაემატოს „თანამედროვეობა“, რაზეც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან პრინციპული თანხმობაა“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

მსგავსი თემები