“ჩვენ მივაღწევთ მიზანს ევროკავშირში 60 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნასთან დაკავშირებით”- ტომას ჰიჩლერი

„ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის თემა, გერმანია არის და იქნება ქვეყნის ყველაზე დიდი მატერიალური მხარდამჭერი“– ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, ტომას ჰიჩლერმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ევროკავშირში 60 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნასთან დაკავშირებით მიზანი მიღწეული იქნება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და ვრცელი არის უკრაინის მხარდაჭერის თემა. გერმანია არის და იქნება უკრაინის ყველაზე დიდი მატერიალური მხარდამჭერი და დღეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებ, რომ უკრაინელ ხალხს შეუძლია, კვლავ ჰქონდეს გერმანიის იმედი. იგივე ეხება წვრთნის სფეროს. ხვალიდან ჩვენ მივაღწევთ მიზანს ევროკავშირში 60 000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნასთან დაკავშირებით. ამაში თავისი წვლილი შეაქვს გერმანიას, სადაც წლის ბოლომდე მომზადებას გაივლის 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამასთან, როგორც შეხვედრის დაწყებამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, გაიზრდება იმ უკრაინელ სამხედროთა რაოდენობა, რომელსაც ევროკავშირი გაწვრთნის.

 

 

მსგავსი თემები