პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს

პარიზის პროკურატურაში განაცხადეს, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში კიბერდანაშაულის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. როგორც პარიზის პროკურორმა, ლორა ბეკომ თქვა, გამოძიება უკანონო გადარიცხვებს, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას, თაღლითობასა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ეხება.

გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა გარკვეული პირის ან პირების წინააღმდეგ 8 ივლისს დაიწყო. კიბერდანაშაულისა და თაღლითობაზე მომუშავე გამომძიებლები სწავლობენ 12 სავარაუდო დანაშაულს, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება და რომელთა შორისაა პორნოგრაფიული ხასიათის ბავშვთა გამოსახულებების შენახვა-გავრცელება, ნარკოდანაშაული და თაღლითობა.

პარიზის პროკურატურამ დუროვის წინასწარი დაკავების ვადა 96 საათამდე გაახანგრძლივა.

39 წლის მილიარდერი პაველ დუროვი საფრანგეთის ლე ბურჟეს აეროპორტში 24 აგვისტოს დააკავეს. ის საფრანგეთში კერძო თვითმფრინავით აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა.

რუსეთში დაბადებულ პაველ დუროვს არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს.

მსგავსი თემები