“არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები”- მინისტრი ივანიშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობაზე

“არ გვიკვირს, იმიტომ, რომ არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები და ქვეყნის არევის მცდელობა ოპონენტების მხრიდან” – ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, ტერორისტული აქტების მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების, ასევე ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომხადების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

დავითაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საარჩევნო პროცესებში ოპონენტები ყველა გზას მიმართავენ.

„სამწუხაროა, რომ საარჩევნო, პოლიტიკურ პროცესებში ოპონენტები ყველა გზას მიმართავენ, რაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ეს არ არის უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო ღონისძიებები, არამედ საქმე გვაქვს ყველაზე მძიმე დანაშაულთან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ქვეყნის ან პირის მიმართ, ეს არის ტერორიზმის სავარაუდო შემთხვევები. ამ შემთხვევაში საუბარი ნაადრევია, მე ვერ ვიქნები კომპეტენტური, რომ პროცესი შევაფასო, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, თუმცა პოლიტიკური შეფასება ცალსახად არის ძალიან პირდაპირი, ეს არის აბსოლუტურად დასაგმობი ქმედება. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენ არ გვიკვირს იმიტომ, რომ არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები და ქვეყნის არევის მცდელობა ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ხდება ასეთი მიუღებელი შემთხვევები და პოლიტიკური პროცესების ძალიან დაბალი სტანდარტი. ვფიქრობ, ეს სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სწორი არჩევანი” – განაცხადა დავითაშვილმა

მსგავსი თემები