“საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა”- ნონა ქურდოვანიძე

“საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და საერთოდ, ეს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში – ეს კონსტიტუციასთან სრულიად შეუსაბამოა” – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრმა, საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამ განცხადებით ის გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს შეიძლება დროში გაიწელოს.

“რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი, რომელსაც არც კი შეეძლო იუსტიციის უმაღლესო საბჭოს საქმიანობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რაიმე არსებითი გავლენა მოეხდინა. უბრალოდ, მხოლოდ ის შეეძლო, რომ უფრო მეტი საჯაროობა მოეთხოვა, რაც ახლა არის ფაქტობრივად, განულებული, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო არც თანამშრომლობს საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან, მედიასთან და საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციებს, როგორც წესი, ვერ ვიღებთ. დამოუკიდებელ წევრს შეეძლო კრიტიკული ხმა გაეჟღერებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“- ამბობს ქურდოვანიძე.

 

“სახიფათო და დამაზიანებელი”- როგორ აფასებენ სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას

მსგავსი თემები