“სახიფათო და დამაზიანებელი”- როგორ აფასებენ სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას

“სასამართლოს გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა” – ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ, გურამ იმნაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.

იმნაძე ამბობს, რომ  აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მის ეფექტიანობას, არამედ ამით მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა, კიდევ უფრო, ზიანდება და მცირდება.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა კონსტიტუციის 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ, აგრეთვე უგულებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის უზენაესობასა და საჯარო ინტერესებს და ამ გზით, სასამართლო ცდილობს უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, რომ ამ გზით სასამართლომ, ფაქტობრივად, თვითნებურად აღიჭურვა თავი გააკონტროლოს თუ ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ არა“- აღნიშნა მან.

გარდა ამისა, კომიისი თავმჯდომარე აცხადებს, რომ რომ მოსამართლემ იმავე განჩინებით საქმის განსახილველად განსაზღვრული ზოგადი ორთვიანი ვადა გაახანგრძლივა ხუთ თვემდე, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტს და აჩენს პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, პარალიზების რისკებს.

„ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლემ იმავე განჩინებით საქმის განსახილველად განსაზღვრული ზოგადი ორთვიანი ვადა გაახანგრძლივა ხუთ თვემდე, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტს და აჩენს პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, პარალიზების რისკებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მის ეფექტიანობას, არამედ ამით მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა, კიდევ უფრო, ზიანდება და მცირდება“ – განაცხადა გურამ იმნაძემ.

მსგავსი თემები