“ჩემთვის გასაგები იყო, რომ იქ იებით და ვარდებით არ დამხვდებოდნენ“- კახა წიქარიშვილი

„სისტემამ აირჩია ეს გზა თავის დასაცავად – ჩემთვის გასაგები იყო, რომ იქ იებით და ვარდებით არ დამხვდებოდნენ“ – განაცხადა კახა წიქარიშვილმა და ასე გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად მისი დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

„მე ვფიქრობ, რომ ის მოსამართლე მოქმედებდა არა თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, არამედ მოქმედებს სისტემის სახელით. ასეთი ფორმა აარჩია კლანმა, რომელიც ჩვენს სასამართლოს სისტემაშია. კლანმა, რომელიც აკონტროლებს მართლმსაჯულებას. ზოგიერთი მოსამართლე პირდაპირ ემორჩილება კლანს, ხოლო ზოგიერთი უბრალოდ კონიუნქტურას ემორჩილება. ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული, მთლიანად ცვლის პროცესის მიმდინარეობას. მე ხვალიდან ვაპირებდი იუსტიციის საბჭოში მუშაობის დაწყებას. ვაპირებდი განცხადებების გაკეთებას და ჩემი გეგმის გაცნობას საზოგადოებისთვის. ჩემი მთავარი გეგმა იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევიტანო განსხვავებული ხმა. დღეს იქ განსხვავებული ხმა საერთოდ არ არის, არანაირი კამათი, დისკუსია საბჭოში არ ხდება, ყველა ერთ აზრზეა და ყველა ერთ გადაწყვეტილებას აძლევს ხმას. მე ვაპირებდი სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების სიღრმისეულ შესწავლას და საზოგადოების ინფორმირებას“- აღნიშნა წიქარიშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ შეაჩერა.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია ბრიფინგს მართავს

მსგავსი თემები