“ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”- პრემიერი

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. 20 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შემდგარ მისიასთან შეხვედრის მთავარი თემა იყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო. გარდა ამისა, ყურადღება დაეთმო, ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამ მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მისიები.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები