ემანუელ მაკრონის რეიტინგი პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ ექვსი პუნქტით დაეცა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ ექვსი პუნქტით დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვა, RTL-ის დაკვეთით, BVA Xsight-მა ჩაატარა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაკრონის მიმართ დადებითად გამოკითხულთა 26%-ია განწყობილი, რაც მაისის მაჩვენებელზე 6 პუნქტით ნაკლებია. გამოკითხულთა 74% პროცენტი კი მის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.

RTL-ის ცნობით, მაკრონი ასეთი არაპოპულარული არასოდეს ყოფილა, მათ შორის არც 2023 წლის აპრილში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის დროს.

რაც შეეხება ასამბლეის დათხოვნის გადაწყვეტილებას, გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეთაური პასუხისმგებლობით არ მოქმედებს. 54% მიიჩნევს, რომ ეს ვერ გააუმჯობესებს პოლიტიკურ ვითარებას და ვერც დემოკრატიულ დებატებს გააცოცხლებს.

გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების აბსოლუტურ უმრავლესობას მაკრონის მონაწილეობა საყოველთაო საარჩევნო კამპანიაში არ სურს.

მსგავსი თემები