უკრაინაში დაღუპული 36 წლის სერგო გორნაკაშვილი საბრძოლო მოქმედებებში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იყო ჩართული. ის უკრაინაში ცხოვრობდა და 2012 წლიდან მოქალაქეობაც ჰქონდა მიღებული, წარმოშობით კი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოდან იყო. დედაც და ცოლიც უკრაინის მოქალაქეები არიან.
გორნაკაშვილს გავლილი აქვს სამხედრო წვრთნა აშშ-ის ბაზაზე, იყო ფეხბურთელი, აქტიურად უჭერდა მხარს ჯოხარ დუდაევს ჩეჩნეთ-რუსეთის ომის დროს.
როგორც მისი ოჯახის ახლობელი ამბობს, ის ხარკოვის მიმართულებით ბრძოლისას, იმ დროს დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლების გადარჩენას ცდილობდა.
,,ყოველთვის იბრძოდა წინა ხაზზე. სულ გვქონდა კონტაქტი, თუ სად იყო… ხარკოვში, წინა ხაზზე ყოფნის დროს გადმოჰყავდა დაჭრილი თანამებრძოლები. ერთი გადმოიყვანა და როდესაც მეორე უნდა გადმოეყვანა სწორედ მაგ დროს ემსხვერპლა. პირველი და მეორე ომის დროს, ნამყოფი იყო ჩეჩნეთში. მეორე ომის შემდეგ იცხოვრა გარკვეული დრო ჩეჩნეთში, კადიროვის დროს. იყო ერთ-ერთი ფეხბურთის გუნდის წევრი დიდი წარმატებები ჰქონდა, თუმცა სიტუაციას ვერ შეეგუა, რადგან იქ ჩეჩნეთი იყო რუსეთის გავლენის ქვეშ და დაბრუნდა საქართველოში. უკრაინაში ომის პერიოდის დაწყებიდან კი მთლიანად უკრაინაში იყო გადასული”, – ამბობს ოჯახის ახლობელი “მთავარ არხთან”.
გორნაკაშვილს უკრაინაში დაკრძალავენ.