“საოლქოს თავმჯდომარე დავალებებს იღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან”- ანა წითლიძე

“560 ადამიანის სია იყო ზუგდიდში, შესაბამისად, 560-ვე გავშიფრეთ: ერთიც კი არ არის ადამიანი, რომელიც არაა “ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ან არ არის “ქართული ოცნების” წევრი, ეს არის დანაშაული, რომლის სათავეში დგას საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხი, რომელიც, თავის მხრივ, უშუალო დავალებებს იღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან” – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძე ამბობს, რომ სიაში მყოფი ადამიანები არ არიან არც თავისუფალი და არც დემოკრატიული არჩევნების ნაწილი.

“სიაში ერთიც კი არ არის ადამიანი, რომელიც არაა “ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ან არ არის “ქართული ოცნების” წევრი, ისინი არიან “ქართული ოცნების” დავალების შემსრულებლები და შესაბამისად, არ არიან არც თავისუფალი და არც დემოკრატიული არჩევნების ნაწილი. კანონის მიხედვით, ისინი თავისუფალი უნდა იყვნენ ნებისმიერი პარტიის გავლენისაგან, მაგრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა საოლქო-საარჩევნო კომისიამ, რომ ისინი არ აპირებენ ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. ეს არის დანაშაული, რომელიც სათავეს იღებს საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხისგან, რომელიც, თავის მხრივ, უშუალო დავალებებს იღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ.

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე საუბნო კომისიების წევრთა დამტკიცება პირველი კენჭისყრით ვერ მოხერხდა, რადგან სიას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მაგრამ მეორე კენჭისყრით საუბნო კომისიის 560-ვე წევრი დაამტკიცეს.

მსგავსი თემები