კოვიდპაციენტებისთვის მობილიზებულია 6 000 ადგილი, 5 200 კი დაკავებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის თავისუფალია მხოლოდ 800 ადგილი, დანარჩენი 5 200 საწოლი კი სრულად შევსებულია.

„სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი და აქედან 5 200 დაკავებულია.  საკმაოდ მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი. 6 000-დან 216 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდი, რადგან ამის საჭიროება იქნება. სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება, რომ მოკლე დროში დაემატოს სულ მცირე 1500 საწოლი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.

მინისტრის მოადგილემ „დელტა“ შტამზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა თითქმის ნახევარს, „დელტა“ შტამი აქვს.

„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ დაახლოებით, 20% იყო ცირკულაციაში, ახლა ეს უკვე იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-იც კი შესაძლოა იყოს დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნებში თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ დელტა შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები