ევროკავშირის ინფორმაციით, ჯოზეფ ბორელმა ვანგ ის სთხოვა, გამოიყენოს ჩინეთის გავლენა რუსეთზე

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის რეგიონულ ფორუმზე შეხვდა.

ევროკავშირის ინფორმაციით, მათ ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა და ჩინეთმა უნდა გააცნობიერონ ორივე მხარის წუხილი რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის რუსეთისადმი მხარდაჭერა, რაც გავლენას ახდენს ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობაზე.

ბორელმა განმარტა, რომ უკრაინაში რუსეთის ომს ევროკავშირი ევროპისთვის საფრთხედაც აღიქვამს. ბორელმა სთხოვა ჩინეთს, გამოიყენოს გავლენა რუსეთზე და წვლილი შეიტანოს ომის დასრულებაში. მან ჩინეთს უკრაინის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა სთხოვა.

როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკავშირისთვის ჩინეთთან ურთიერთობაში მეორე საგანგაშო თემა არის ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა და სუბსიდიები, რაც ევროპის ბაზარს აზიანებს.

მსგავსი თემები