„კოვიდპაციენტების“ მხრიდან პრეპარატის შეძენის საკითხს სამინისტრო შეისწავლის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსის მკურნალობას თავიდან ბოლომდე სახელმწიფო ფარავს და პაციენტის მხრიდან პრეპარატის შეძენის საკითხს სამინისტრო შეისწავლის. გაბუნია მსგავს შემთხვევებს გაუგებრობად აფასებს.

„რაც შეეხება სამკურნალო მედიკამენტებს, სახელმწიფო პროგრამა სრულად ფარავს კოვიდინფექციის მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. ეს იქნება ბინაზე, „კოვიდსასტუმროში“ თუ ჰოსპიტალში. ბოლო პერიოდში, იყო დიდი აქცენტი „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი რეკომენდებული მედიკამენტია. რაც შეეხება მის ანაზღაურებას, ამ ანაზღაურებას გამონაკლისის გარეშე, პროგრამა ფარავს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის ანაზღაურებას. ვფიქრობ, გარკვეული გაუგებრობა იყო იმასთან დაკავშირებით, როცა გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი პაციენტის ოჯახი იძულებული გახდა შეეძინა მედიკამენტი თავად, პირადი ფინანსური უზრუნველყოფით. ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის სრულად მიუღებელია, ამ საკითხებს ცალკე, ბუნებრივია, შევისწავლით. კლინიკებთან გვქონდა ამაზე სპეციალური შეხვედრა, წერილობითაც ინსტრუქცია გაცემულია“ – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები