4 750 ადამიანს „ფაიზერზე“ ჯავშანი გაუუქმდათ

ვაქცინაციის ორჯერადი დოზით აცრის მიუხედავად, ადამიანები „ფაიზერზე“ ჯავშანს მაინც აკეთებენ. არიან ისეთები, ვისაც ვაქცინაცია ჯერა არ ეკუთვნის, თუმცა, მაინც ჯავშნის ადგილს. ამ მიზეზით, 5 000-მდე ადამიანის ჯავშანი გაუქმდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, მათ, ვისაც ვაქცინაციაზე უარი უთხრეს, ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო და მაინც დარეგისტრირდა, ნაწილს კი  აცრის გაკეთება  არ უწევდა.

„გუშინ, დღის ბოლომდე სულ დარეგისტრირდა 157 ათასამდე პირი. აქედან ჯავშანი დაუდასტურდა 142 195 პირს, 4 750-ს კი ჯავშანი არ დაუდასტურდა, რადგან მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო და მაინც დარეგისტრირდა. ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით არ უწევდათ აცრის გაკეთება, თუმცა მათაც შეიყვანეს მონაცემები ბაზაში. ასე რომ, ხუთი ათასამდე ჯავშანი არ შედგა და ეს ადგილები ბუნებრივია, დაემატება პორტალს“ – აცხადებს გაბუნია.

რაც შეეხება სხვა მიზეზებს, რის გამოც ადამიანები აცრის მიუხედავად ჯავშანს მაინც აკეთებენ, მინისტრის მოადგილის  განმარტება შემდეგია:

„4 750 გაუქმებულ ჯავშანს უკავშირდება ისეთი მიზეზები, როგორიც არის ბუსტერ დოზაზე დარეგისტრირების მცდელობა ან უკვე არას აცრილი პირი, რომელმაც საიტის მუშაობის შემოწმების მიზნით შეიყვანა თავისი მონაცემები.  ამას სჭირდება ადმინისტრაციული რესურსი, დრო იკარგება. თხოვნა მექნება, რომ მსგავსი ქმედება არ განახორციელონ, რადგან ბუსტერ დოზებს ჩვენი პროგრამა არ ითვალისწინებს და პროგრამული დადასტურება არ მოხდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები