„პროცესი მიდის არასწორად, გადაწყვეტილებები მიიღება პირადი ინტერესებისა და გავლენებიდან გამომდინარე“  – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს „მცხეთის მორატორიუმის“ საკუთარ კონტროლზე აყვანა სთხოვა. დეპუტატის განცხადებით, პროცესები არასწორად იმართება და იგნორირებულია როგორც ქალაქისა და  მოსახლეობის, ისე თვითმმართველობის ინტერესები.

„თქვენ მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთეთ და ერთ-ერთი იყო  რეგიონების თანაბარი განვითარება. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ დაბალანსებული რეგიონალური განვითარება ერის ერთ-ერთი წინაპირობა  ქვეყნის გაძლიერების, დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის, რამეთუ ჩვენ გვაქვს დაცლილი სასაზღვრო ზოლი, გაუკაცრიელებული სოფლები, მოსახლეობის დიდი ნაწილი გადამისამართებულია დიდ ქალაქებში , მივიღეთ თბილისიზაცია  და  გთხოვთ,  უფრო კონკრეტიკას,  როგორ აპირებთ ამ ყველაფერს“, –  მიმართა ხუნდაძემ მამუკა ბახტაძეს და მცხეთის მორატორიუმის თემაზე საკმაოდ  სკანდალური განცხადება გააკეთა.

მისი შეფასებით, საჭიროა, პროცესების მონაწილეებს სათანადო ადგილი მიუჩინონ.

„მინდა თქვენი და საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ერთ საკითხს, რომელიც წლებია მოუგვარებელია – საქმე ეხება ქალაქ მცხეთის და მისი მოსახლეობის განვითარების შეჩერებას. უკვე 3 წელია, ქალაქს და მის მოსახლეობას პრაქტიკულად მისჯილი აქვს მორატორიუმი, რაც კრძალავს ყოველგვარ სიახლეს, ხის დარგვასა და კომუნიკაციების გაყვანასაც კი. მე არ ვსაუბრობ ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს წესები და ყველაფრის აშენება არ შეიძლება, მაგრამ სრული აკრძალვა არ არის საუკეთესო გამოსავალი. ეს იმ დროს, როცა ქალაქში ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი, თუმცა, სიკეთეებით მოსახლეობა ვერ სარგებლობს. მორატორიუმი 3 წელია გრძელედება იმის გამო, რომ თავი ვერ დაედგა გენგეგმის შემუშავებას, შესაძლებელია,  სასჯელი  კიდევ 2 წელი გაგრძელდება. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროცესი მიდის არასწორად, თანხები და დრო იხარჯება ფუჭად, იგნორირებულია ქალაქის, თვითმმართველობისა და მოსახლეობის ინტერესები. გადაწყვეტილებები ამ კუთხით მიიღება პირადი ინტერესებისა და გავლენებიდან გამომდინარე. მე შევამჩნიე თქვენი პრინციპული დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ ეს საკითხი. მონაწილე მხარეებს, ყველას მიუჩინოთ თავისი ადგილი და არ მინდა,  ჩემი ეს  განცხადება, უახლოეს პერიოდში, მწარედ გასახსენებელი გახდეს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მსგავსი თემები