დღეს ათენში საპოლიციო კონტროლი იწყება  

 

კრიმინალური ფაქტების გაზრდის გამო, საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს,15 ივლისს  ათენში საპოლიციო კონტროლი იწყება. კონტროლი ათენის სხვადასხვა უბანში ჩატარდება. კერძოდ, „ ლეოფოროს სიგრუზე“ და მის გარშემო უბნებში.

გახშირებული ქურდობა, ყაჩაღობა და სხვა კრიმინალური შემთხვევა ათენისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახდა. ინფორმაციას  საპოლიციო კონტროლის შესახებ ემიგრანტები ავრცელებენ და არალეგალებს აფრთხილებენ, რომ კვირას ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

როგორც „მთავარის“ კორესპონდენტი გვაწვდის ინფორმაციას,  ერთ-ერთი სარისკო უბანია ყველასთვის კარგად ცნობილი „ომონია“ სადაც არალეგალები იკრიბებიან და ერთმანეთს ხვდებიან. „ომონიაზე“ მსგავსი კონტროლი ხშირად ხდება და არალეგალებისგან გადაჭედილი ტერიტორია წამებში თუ  დაიცალა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიცია გამოჩნდა.

„ერთხელ მეც შევესწარი მსგავს საოცრებას. „ომონიაზე“ ქართველებზე სიუჟეტის მოსამზადებლად წავედი, იქ პატარა საქართველო ვნახე, უამრავი ქართველი, ერთმანეთს ხვდებიან, გულს იჯერებენ, ტვირთს აგზავნიან. ამ ყველაფერზე სიუჟეტს ვამზადებდი და უცებ დავინახე რომ ხალხი გარბის. ვერ მივხვდი რა მოხდა. თურმე პოლიცია გამოჩნდა“ – გვიყვება ჟურნალისტი.

ვინაიდან საბერძნეთმა არალეგალების პრობლემა ვერ გადაწყვიტა და კრიმინალური მდგომარეობა მზარდია, მსგავსი კონტროლი პერიოდულად ხდება.

 

მსგავსი თემები