გოდერძი ჩოხელის სოფელი ზემო ჩოხი  – ფოტორეპორტაჟი

გუდამაყარი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული, მთიანი, უნიკალური და განსაკუთრებული მხარეა. გუდამაყარი და გუდამაყრელები განსაკუთრებით გამოირჩევიან თავიანთი ცხოვრების წესით. აქ ძირითადად მესაქონლეობით არიან დაკავებულები. სწორედ გუდამაყარში მდებარეობს სოფელი ჩოხი – გოდერძი ჩოხელის სოფელი.

ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი, რომლის შემოქმედებაც ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთ. ამავე სოფელში გაიხსნა გოდერძი ჩოხელის სახლ მუზეუმიც.

ეს არის სოფელი გუდამაყრის (შავი) არაგვის ულამაზეს ხეობაში, რომელიც გაზაფხულზე განსაკუთრებულად ლამაზია.  აქვე მდებარეობს  ხეობის კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი – ქვითკირის სალოცავი. აქ მხოლოდ ძველი ნასოფლარებია შემორჩენილი.

ჩოხიდან, ძველი ნასოფლარისკენ მთის ფერდზე ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესია ჩანს, სადაც გუდამაყრელების წმინდა რელიკვია პირიმზე – ფუძის ანგელოზის ხატი ინახებოდა. ეს ვერცხლით მოჭედილი ჯვარი იყო მხედრული წარწერითა და წმინდა გიორგის გამოსახულებით.

აქ დღემდე შემორჩენილია უძველესი, ტრადიციული დღესასწაულები და მათ შორის არის ხატობა, რომელიც  30 აგვისტოს აღინიშნება.  ოთხი გვარის წარმომადგენელი კაცები ადიან სოფელში და საკლავს კლავენ.

სოფელი თითქმის დაცლილია. ზაფხულობით აქ გოდერძი ჩოხელის დედინაცვალი ადის და გარკვეულ პერიოდს ატარებს. მისი ამოყვანილი ყველი კი ცნობილია არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ ტურისტებისთვის, რომლებიც სპეციალურად ყველის საყიდლად ადიან ამ პერიოდში.

 

მსგავსი თემები