“ჩვენ, როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა, დაგეხმარებით ყველაფრით, რაც შეგვიძლია“ – ირლანდიის ვიცე-პრემიერი

“ჩვენ, როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა, ამ სახლის მეორე მხარეს, დაგეხმარებით ყველაფრით, რაც შეგვიძლია“, – ეს განცხადება ირლანდიის ვიცე-პრემიერმა პარიზში, ევროპელ ბიზნესმენთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

საიმონ კოვინის თქმით, საქართველოს ადგილი და სახლი ევროკავშირშია. 

„საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ასოცირების შეთანხმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. როგორც პატარა კუნძული ევროკავშირის დასავლეთ სანაპიროსთან, ირლანდია ევროკავშირის წევრობამ შეცვალა. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეკონომიკურად, სოციალური ტრანსფორმაციის კუთხითა და, რა თქმა უნდა, მშვიდობისა და სტაბილურობის გამო. გზა ევროკავშირში გაწევრიანებამდე გრძელი და როგორც თავადაც იცით, გამოწვევებით სავსეა.

ჩვენი სურვილია, ევროკავშირის წევრობიდან სარგებელი ნახონ ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე იმ ქვეყნებმაც, რომლებსაც ასევე სურთ, იყვნენ ჩვენ მიერ ერთობლივად შექმნილი სახლის ნაწილი. მინდა, მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ, როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა, ამ სახლის მეორე მხარეს, დაგეხმარებით ყველაფრით, რაც შეგვიძლია“, – აღნიშნა საიმონ კოვინიმ.

მსგავსი თემები